logo
ENG



„ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული ახალი ნიშნულები აღმოაჩინა

30 მაი 202012:03
3 წუთის საკითხავი
 

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრებმა ჩორჩანა-პერევის მახლობლად, ტყის მასივებში ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული ახალი ნიშნულები აღმოაჩინეს. პატრულირების დროს აღმოჩენილი ნიშნულები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ზოლიდან 150 მეტრის დაშორებითაა გავლებული.  

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრების თქმით, ახალი ოკუპაციის ქვეშ 90 ჰექტარზე მეტი ხვდება. მათივე განცხადებით, მსგავსი მდგომარეობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა სოფელში ეს არის ქარელის, გორისა თუ ხაშურის მუნიციპალიტეტში - რის გამოც მოსახლეობა შეშინებულია.
„ეს გახლავთ ის ტერიტორია, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ და გვქონდა აღმოჩენილი მარკირება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემოჭრილი იყო საოკუპაციო ხაზი. დღეს ჩვენ გავაგრძელეთ პატრულირება ტყეში და აღმოვაჩინეთ ახალი ნიშნულები და სპეციალური ხაფანგები, რომელიც დაგებული იყო კონტროლისთვის - ვინმე უცხო პირი გაივლიდა თუ არა. შეიძლება ითქვას წართმეულ ტერიტორიაზე, წართმეული ტერიტორია გახლავთ ის მიწა-წყალი, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან სიღრმეში მდებარეობს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - აღნიშნა მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ.
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი ლაშა ბერულავა კი მიიჩნევს, რომ ცოტა ხანში აღნიშნულ ტერიტორიაზე ბორდერიზაციის პროცესი დაიწყება.
„ეს არის საოკუპაციო ზოლიდან 150-200 მეტრამდე ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამგვარი ნიშნულების გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ რუსი ოკუპანტები უახლოეს პერიოდში გააქტიურდებიან და ახალი ბორდერიზაცია, ან ახალი საგუშაგოს მშენებლობა გვექნება. ჩორჩანას კრიზისი სწორედ მოჰყვა ჩვენს მიერ ჩორჩანა-წნელისის ტყეში ნიშნულების აღმოჩენა. მაშინ ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს ნიშნები მეტყევეებმა გააკეთეს“, - განაცხადა ბერულავამ.
ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ გაკეთებულა კომენტარი. 
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები კი აცხადებენ, რომ ფაქტზე სახელმწიფომ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს.

close დახურვა